ულტრანაციონალისტისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.
შესაბამისი განცხადება 21 აგვისტოს პარტიზანული მოძრაობის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა.
"ნაციონალური რესპუბლიკური არმია" აერთიანებს რუს აქტივისტებს, სამხედროებსა და პარტიზანებს, რომელთა იატაკქვეშა მოძრაობის მიზანი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი დამხობაა.
განცხადებაში, მოძრაობის მესვეურები მოუწოდებენ რუს სამხედროებს, დაყარონ იარაღი და უარი თქვან პუტინის დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე.
"ნაციონალური რესპუბლიკური არმიის მებრძოლები" განცხადებაში ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, ასევე ბიზნესმენებს განადგურებით ემუქრებიან. ისინი აცხადებენ, რომ ყველა თანამდებობის პირი, ასევე ძალოვანი და ბიზნესმენი, რომელიც პუტინის რეჟიმს წინ არ აღუდგება, მათი სამიზნე გახდება.
"ჩვენ რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა უკვე პარტიზანები და "ნაციონალური რესპუბლიკური არმიის მებრძოლები" უკანონოდ ვცნობთ ომის პროპაგანდისტებს, მძარცველებს და მჩაგვრელებს! ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ძალაუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და გაგზავნა რუსი ჯარისკაცები უაზრო სიკვდილისთვის. ზოგისთვის სიღარიბე და კუბოები, ზოგისთვის სასახლეები - ეს მისი პოლიტიკის არსია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფლებაწართმეულ ადამიანებს აქვთ უფლება აჯანყდნენ ტირანების წინააღმდეგ. პუტინი ჩვენ მიერ იქნება გადაყენებული და განადგურებული! ჩვენი მიზანია შეჩერდეს რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება, შევაჩეროთ კრემლის დილერების საქმიანობა, რომლებიც სწოვენ ჩვენი ხალხის სიმდიდრეს და სჩადიან დანაშაულს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ დათმობს უფლებამოსილებას, ჩვენ მიერ განადგურდება. ბიზნესმენები, რომლებმაც გამდიდრდნენ კორუფციითა და ჩინოსნებთან ურთიერთობებით არიან სამშობლოს მოღალატეები და უზურპატორის თანამზრახველები. მათი ქონება, ვინც არ მოინანიებს და საჯაროდ არ გამოვა ამ ხელისუფლებისა და ომის წინააღმდეგ, განადგურდება. ასევე განადგურდებიან თავად ბიზნესმენები.
ძალოვანი უწყებების თანამზრახველებად უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ. ისინი ვინც იარაღს არ დაყრიან და სამხრეებს არ მოიხსნიან - განადგურდებიან. სამხედრო ტვირთი და ისინი, ვინც ცდილობენ ამ ომზე გამდიდრებას, ან ამ ომს აფინანსებენ - ასევე განადგურდებიან.
ჩვენ გვახსოვს რუსეთში სახლების დაბომბვა, რამაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი არ შეჩერდება არცერთ ყველაზე ამაზრზენი დანაშაულის წინაშე. და ჩვენ ვაცხადებთ: ჩვენ ვახორციელებთ ქმედებებს მხოლოდ ამ ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ.
სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ვესხმით და თუ პუტინის უშიშროების ძალები ასეთ პროვოკაციებს მოაწყობენ და მსხვერპლს მოგვაწერენ, არ დაუჯეროთ!
მოვუწოდებთ რუსეთის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და სხვა. მოვუწოდებთ ყველა რუსს შეუერთდეს ჩვენს რიგებს და პუტინის ხელისუფლების მიერ შეურაცხყოფილი დროშის ნაცვლად ახალი რუსეთის დროშა აღმართონ. მოვუწოდებთ მათ, ვინც მზად არის იბრძოლოს, მიბაძოს ჩვენს მაგალითს და დაამხოს ეს არაადამიანური, თვალთმაქცური და ანტიხალხური რეჟიმი!", - წერია განცხადებაში.