21 აგვისტოს, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა, ჯო ბაიდენმა, ბორის ჯონსონმა, ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ოთხი ძლევამოსილი სახელმწიფოს ლიდერი შეთანხმდა, რომ განუხრელად განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისგან დასაცავად.
ლიდერებმა განიხილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება და სადგურის გარშემო სამხედრო თავშეკავების მოწოდებით გამოვიდნენ.
ამავდროულად, მათ მოუწოდეს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, (IAEA) სწრაფად მიავლინოს ინსპექტორები ბირთვულ ობიექტზე.
როგორც იუწყებიან, განხილვის კიდევ ერთი თემა იყო სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის მოლაპარაკებები ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ, ასევე თეირანის ქმედებები რეგიონში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში დაიკავა. ელექტროსადგურზე უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას.
აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ცნობები, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე, რამაც გაზარდა ბირთვული ინციდენტების რისკი. 6 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტებმა ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 6 აგვისტოს სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო და განაცხადა, რომ ეს აჩენს ბირთვული კატასტროფის "ძალიან რეალურ რისკს".
14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.