საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივი განცხადებით მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედროები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.
განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, გამოქვეყნდა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე.
ხელმომწერი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსი სამხედროების ყოფნა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებას.
განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირი და მისი ყველა წევრი ქვეყანა. ასევე, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ლიხტენშტეინი, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევაა და რუსეთის კონტროლი ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხეს უქმნის ბირთვული უსაფრთხოების პრინციპებს.
"სადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედროებისა და იარაღის განლაგება მიუღებელია და წარმოადგენს უსაფრთხოებისა და რისკის პრევენციის პრინციპების უგულებელყოფას, რომლის პატივისცემის ვალდებულებაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ყველა წევრმა აიღო.
მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ელექტროსადგურის ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლოს თავისი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნები დასძენენ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და რუსი სამხედროების ყოფნა ატომურ ელექტროსადგურებში უდავოდ ზრდის ბირთვული ინციდენტების რისკს.
განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მცდელობები, გაამართლოს თავისი უკანონო ქმედებები უკრაინაში, დეზინფორმაციის მეშვეობით.