რუსეთმა უარყო გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის წინადადება, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითვალისწინებდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ივან ნეჩაევმა განაცხადა, რომ "დემილიტარიზებული ზონის შექმნის წინადადება მიუღებელია, რადგან ამ სიტუაციაში ატომური ელექტროსადგური კიდევ უფრო დაუცველი გახდება".
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას მანამდე მოითხოვდნენ კიევი, გაერო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
18 აგვისტოს უკრაინის ქალაქ ლვოვში გაიმართება შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშეს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
იუწყებიან, რომ შეხვედრაზე განიხილავენ ვითარებას, რომელიც ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ შეიქმნა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინაში შეჭრიდან მალევე, მარტში დაიკავა. ელექტროსადგურზე უკრაინელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას.
აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ცნობები, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის თაობაზე, რამაც გაზარდა ბირთვული ინციდენტების რისკი. 6 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსმა ოკუპანტება ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 6 აგვისტოს სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო და განაცხადა, რომ ეს აჩენს ბირთვული კატასტროფის "ძალიან რეალურ რისკს".
ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა უფრო მეტი რეაგირებისკენ.
ზელენსკის თქმით, საჭიროა სანქციები რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ, ასევე რუსული ბირთვული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ.
14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს.