პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ფონზე, ორი ქვეყნის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართეს.
დაძაბულობის ახალი ტალღა წარმოშვა გავრცელებულმა ცნობებმა ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პელოსის შესაძლო ვიზიტს, "მკაცრი პასუხები მოჰყვება".
სატელეფონო საუბარი 28 ივლისს გაიმართა და სამ საათამდე გაგრძელდა.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, საუბრის უჩვეულო ხანგრძლივობის მიუხედავად, ვაჭრობის, ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი შემაშფოთებელი საკითხების მოგვარებაში პროგრესი არ მიღწეულა.
თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერების საუბარი 3 ნაწილისგან შედგებოდა. ერთ-ერთი მათგანი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომსა და მის გლობალურ შედეგებს მიეძღვნა. მეორე ნაწილი დაეთმო იმ სფეროების განხილვას, სადაც ორივე ქვეყანა თანამშრომლობის შესაძლებლობებს ხედავს, კერძოდ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამავდროულად, სი ძინპინთან საუბრისას, ბაიდენმა წამოჭრა აშშ-ის მოქალაქეთა საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა, რომლებიც ვაშინგტონის განცხადებით, ჩინეთმა უსამართლოდ დააკავა.
ბაიდენმა ასევე ყურადღება მიაპყრო ვაშინგტობის შეშფოთებას პეკინის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა და ძინპინმა "პირდაპირი და გულწრფელი დისკუსია" გამართეს ტაივანთან დაკავშირებით.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ვაშინგტონი 1970-იანი წლებიდან უჭერს მხარს.
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ორივე მხარის (ჩინეთისა და ტაივანის) მიერ სტატუს კვოს ცალმხრივ ცვლილებას და მზად არის, ხელი შეუწყოს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ტაივანის სრუტის მიდამოში.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, განცხადება გაავრცელა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა დაარწმუნა ძინპინი ტაივანის "სეპარატისტების" მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის ნაკლებობაში.
ამასთან, პეკინის თქმით, ძინპინმა ბაიდენი ტაივანთან დაკავშირებით გააფრთხილა და უთხრა, რომ "ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან, თავს იწვავენ".
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ბაიდენი და ძინპინი პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ. შესაძლოა, ლიდერების შეხვედრა ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგეს.
ტაივანი ყველაზე მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე და საკვანძო საკითხია ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში.
23 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ტაივანზე ჩინეთის თავდასხმას სამხედრო გზით უპასუხებს. მოგვიანებით, თეთრ სახლში გაკეთდა განმარტება, რომ ვაშინგტონი არ შეცვლიდა პოლიტიკას ჩინეთისა და ტაივანის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ აქვს ოფიციალური კავშირები ტაივანთან, ის არის მისი მთავარი მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელი.
გასულ წელს, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილმა კონგრესში განაცხადა, რომ ჩინეთი შესაძლოა მომდევნო 6 წლის განმავლობაში შეიჭას ტაივანში და დაამყაროს მასზე სრული კონტროლი.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან შეერთება აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც სამხედრო გზით. საპასუხოდ, ტაივანმა განაცხადა, რომ თავს არ დაუხრის ჩინეთის ზეწოლას.