გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის. განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარყო პოლონეთის შეთავაზება მისი მოიერიშე თვითმფრინავების გერმანიაში ამერიკულ ბაზაზე განლაგების შესახებ.
კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან პრესკონფერენციაზე საუბრისას, კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა:
"ჩვენ მივაწოდეთ ყველა სახის თავდაცვის მასალა და გავგზავნეთ იარაღი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ კონკრეტულად და რა თქმა უნდა, სამხედრო თვითმფრინავები ამის ნაწილი არ არის", - თქვა შოლცმა.
ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა გერმანია რუსული ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვის წინააღმდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ ის თვეების განმავლობაში მუშაობდა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებისთვის.
"ბევრი ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი," - თქვა მან.
ცოტა ხნით ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმაც გააკეთა კომენტარი პოლონეთის თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე.
"პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ ნატო-ს მფრინავებისა და ნატოს გერბიანი თვითმფრინავების მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება არ არის გონივრული", - განაცხადა ბორის ჯონსონის სპიკერმა.
8 მარტს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის MIG-29 ტიპის ყველა თვითმფრინავი გადასცეს აშშ-ს და ისინი დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ განათავსოს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. სანაცვლოდ, ვარშავამ გამოთქვა მზადყოფნა, შეისყიდოს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები.
ცოტა ხნის შემდეგ, პენტაგონმა განაცხადა, რომ ვერ მიიღებს პოლონეთის ამ წინადადებას.