ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე კოვიდ პანდემიის გავლენასა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობისთვის ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე განცხადება გააკეთა.
„პოლიტიკაშიც კი ამდენი საუბარი პოლიტიკაზე, რომელიც ხშირად კინკლაობას გავს და დიდ წილად ტყუილი ჭარბობს, საქმეს გაუკეთებელს ტოვებს და რისკებს ზრდის. ეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადმოსახედიდან ყველაზე კარგად ჩანს.
რაც შეეხება პანდემიას - რეალობაა, რომ აცრის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და შესაბამისად, სიკვდილიანობის მაღალი ციფრი. არა ყველაზე მაღალი, როგორც ამას ტირაჟირებენ, მაგრამ საკმაოდ მაღალი, რაც სახიფათოა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვადარდებს. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიის ნეგატიური შედეგები დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს და შესაძლოა 2021 წელს ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს ბოლო 60 წლის მანძილზე. ამას ხელს უწყობს უკანასკნელი 30 წლიანი მძიმე დემოგრაფიული წარსული და პანდემიური აწმყო. აქედან გამომდინარე, კომიტეტი მიუბრუნდება 2016 წელს ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკურ დოკუმენტს და სამოქმედო გეგმაზე განაახლებს მუშაობას, რისთვისაც მიუხედავად პარტიულობისა, ყველას მხარდაჭერა იქნება აუცილებელი. პანდემიის მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტი უახლოეს დღეებში რეკომენდაციებს გასცემს, რისთვისაც ინტენსიურ შეხვედრებს მართავს კოვიდ კლინიკების კლინიკურ ხელმძღვანელებთან, ექიმ-რეანიმატოლოგებთან, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან.
მოქალაქეების პასუხისმგებლობის გარეშე სასურველი შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ავადობას გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება არ უყვარს. დღესდღეობით ყველაზე ცუდად ვაქცინირებული პოპულაცია ვართ, რაც ძალიან სახიფათოა.
რაც შეეხება მედიკამენტებს - არაერთხელ გვითქვამს, რომ ფასი შეუსაბამოდ მაღალია და მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას და ამძაფრებს სიღარიბეს. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო იყო მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება, რაც პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ პრაქტიკულად უკვე გვაქვს, რათა პირველ ეტაპზე გაიხსნას თურქეთის ბაზარი და ასევე ინტენსიურად წარიმართოს საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა, რის გარეშეც სექტორის დარეგულირება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი სამი დღის წინ სტუმრობდა ჯანდაცვის კომიტეტს, ხვალ კი მორიგი შეხვედრა სამინისტროში გაიმართება. აქაც ზეპარტიული მხარდაჭერა და სექტორში მონაწილე მხარეების ადექვატური პასუხისმგებლობაა საჭირო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.