აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განუცხადა.
შეკითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა ნატო-ს ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, მე ასე მიმაჩნია“.
შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს ნატო-ს მოკავშირეებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაში, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „გარემოებებზე იქნება დამოკიდებული“.
„მაგრამ, იცით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ნატო უფრო აქტიური გახდა. როდესაც ისინი [თავდაცვაზე მშპ-ის] 2%-დან 5%-მდე გადავიდნენ, ეს დიდი ერთიანობა იყო“, - თქვა ტრამპმა.