რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის პასუხში არის პოზიტიური მომენტები სერიოზული დიალოგისთვის, მაგრამ არ არის რეაქცია რუსეთის მიერ დასმულ მთავარ საკითხზე.
"რაც შეეხება დოკუმენტის შინაარს, იქ არის რეაქცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სერიოზული დიალოგის დაწყების იმედი გვქონდეს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის", - განაცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ მთავარი საკითხია აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოების დაუშვებლობა და ბირთვული იარაღის განლაგება, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რუსეთის ტერიტორიას.
"რაც შეეხება პასუხის შინაარს, ვფიქრობ, რომ ის უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის, ვინაიდან, როგორც ამერიკელმა კოლეგებმა გვითხრეს, იმის მიუხედავად, რომ მათ ურჩევნიათ, დოკუმენტი კონფიდენციალურ დიპლომატიურ დიალოგად დარჩეს, ის შეთანხმებულია აშშ-ის ყველა მოკავშირესთან და უკრაინულ მხარესთან. ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში ის "გაჟონავს", - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ნატოს პასუხებს რუსეთის მიერ მოთხოვნილ უსაფრთხოების გარანტიებზე ვლადიმირ პუტინს წარუდგენს, რის შემდეგაც ის შემდგომი ნაბიჯების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნატომ და შეერთებულმა შტატებმა, კრემლის მოთხოვნების პასუხად რუსულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საკუთარი წინადადებები გადასცეს.
ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, ბრიუსელსა და ვაშინგტონში საგანგებო პრესკონფერენციები გამართეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მათი განცხადებით, ვაშინგტონმა და ნატო-მ უარყვეს კრემლის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმას ეხებოდა.
გასული წლის სექტემბრიდან დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროს მობილიზების გამო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალურ საფრთხეზე საუბრობს.
დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვისთვის მძიმე შედეგები დადგება. დასავლეთი მოსკოვს უმკაცრესი სანქციებით ემუქრება.
2021 წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის და საქართველოს მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრატრუქტურა.