აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უარყოფს მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება შეაჩეროს.
ბლინკენის ამ განცხადებას წინ უსწრებდა გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა [უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე] მოსკოვს ვაშინტონის წერილობითი პასუხი გადასცა.
სახელმწიფო მდივანს ვაშინტგონის საპასუხო წერილის დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუმცა აღნიშნა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტია არ შეცვლილა.
"ნატო-ს კარი რჩება ღია და ეს ჩვენი ვალდებულებაა", - თქვა ბლინკენმა.
ამავე დროს, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა დიალოგისთვის.
"ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატია გვირჩევნია და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, უახლოეს დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ერთად განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს.
"მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბარს უახლოეს დღეებში მას შემდეგ, რაც მოსკოვს ექნება შესაძლებლობა შეისწავლოს ჩვენი დოკუმენტი და მზად ვარ განვიხილო შემდეგი ნაბიჯები", - განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.
ბლინკენმა განაცხადა, რომ შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მისაღებია და შეერთებული შტატები მზადაა ყველა შესაძლო სცენარისთვის.