რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უწყების მიერ მომზადებული შეთანხმებების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
წინადადებების პაკეტი, რომელიც ვაშინგტონსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში როლს უზღუდავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პირველი დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას. ამის გარდა, მოსკოვი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს დამატებითი ჯარები და შეიარაღება იმ ქვეყნების მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისში, ნატო-ში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაერთიანებამდე იმყოფებოდნენ.
"სახელმწიფოებმა, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან, უარი უნდა თქვან უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების ჩატარებაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, მოსკოვი ალიანსისგან მოითხოვს არ განათავსოს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტები პოზიციებზე, საიდანაც ისინი სხვა ქვეყნის დარტყმას შეძლებენ, არ ჩაატაროს წვრთნები, ასევე სხვა მასობრივი მოქმედებები შეთანხმებულ სასაზღვრო ზოლში და რეგულარულად გაცვალოს ინფორმაციები სამხედრო წვრთნების შესახებ.
ამავდროულად, რუსეთი ალიანსს სთავაზობს დაადასტუროს, რომ მოსკოვი და ნატო ერთმანეთს არ მიიჩნევენ მოწინააღმდეგეებად და ვალდებული არიან მშვიდობიანად გადაჭრან კონფლიქტები და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებაზე.
• შეთანხმების პროექტი ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ
• ხელშეკრულების პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ
მეორე დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონს მოუწოდებს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.
შეგახსენებთ, კრემლმა ცოტა ხნით ადრეც მოითხოვა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიები, კერძოდ, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე უარის თქმა.
ბოლო პერიოდში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა უკრაინაში არსებული მდგომარებოს გამო. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასირებული გადასროლის ფონზე, დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებს.