„ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც სირცხვილია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელის გულზე დევს.
„ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თუმცა არ ჩადიან საქართველო და აზერბაიჯანი. ესეც აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. იმ მტრულ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, განსაკუთრებით ევრონესტის ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს აქვთ როგორც ქართველი ხალხის, ისე ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის ვერ მივიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, სადაც „ენჯეოშიკებად“ ჰყავთ გაფორმებული ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება ევრონესტის ეგიდით შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო არ ესწრება. მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან ნახევრად ღმერთი არის მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა.
გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერია. ევროპარლამენტში საბჭოთა სტილის ნაბიჯებს ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით, რაც ხედავთ, რომ არის გავლენა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ მეურვეობა ქართველ ხალხზე. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. თუმცა, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ეს ხელის გულზე დევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.