ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ-თოყაევმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვერ სახელმწიფოებს დახმარებისთვის მიმართა.
მისი თქმით, ტერორისტული ბანდები თავს ესხმიან მსხვილ ობიექტებს და მათი ქმედებები წარმოადგენს აგრესიის აქტს.
"ტერორისტულმა ბანდებმა მომზადება გაიარეს საზღვარგარეთ, მათი თავდასხმები ყაზახეთში უნდა განვიხილოთ, როგორც აგრესიის აქტი. ამასთან დაკავშირებით, ვეყრდნობი რა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულბას, დღეს მივმართე ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერებს, რათა დახმარება გაუწიონ ყაზახეთს ამ ტერორისტული საფრთხის აცილებაში", - განაცხადა თოყაევმა სატელევიზიო მიმართვაში.
მისი განცხადებით, "ტერორისტულმა ბანდებმა ხელში ჩაიგდეს ინფრასტრუქტურული ობიექტები. მისივე თქმით, ალმათში მათ დაიკავეს აეროპორტი და ხელთ იგდეს ხუთი თვითმფრინავი, მათ შორის უცხოეთის. თოყაევმა აღნიშნა, რომ ქალაქი მოიცვა "თავდასხმებმა, ნგრევამ და ვანდალიზმმა".
თოყაევის თქმით, ალმათისთან მიმდინარეობს შეტაკებები ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს შორის.
მისი თქმით, თავდამსხმელებმა დაიკავეს შენობები, სადაც განთავსებულია საბრძოლო იარაღი.
თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერსების დასაცავად.
ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.
4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. ალმათში დემონსტრანტებმა დაიკავეს და გადაწვეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა.
გარდა ამისა, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს ალმათში მდებარე მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, როგორც დემონსტრანტთა, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან.
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - რეგიონული საერთაშორისო სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს. როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებაში არის ჩაწერილი, მისი მიზანია – მშვიდობის, რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილურობის გამყარება და კოლექტიურ საფუძველზე, წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა“.
ორგანიზაცია 1992 წელს, სსრკ-ს დაშლისთანავე შეიქმნა. საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგები ძალიან მალე დატოვეს და ახლა მის ექვს წევრს – სომხეთი, ბელარუსი,ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი წარმოადგენენ.