"სადამსჯელო ოპერაციის გარდა ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მინდა ყველას ესმოდეს, რომ ომბუდსმენთან ერთად ინსპექტორის სამსახური თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაში.
"დაჩქარებული წესით საგანგებო სესიაზე იმ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მკვეთრად და აშკარად ეწინააღმდეგებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის მოტივირებული გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო.
ამასთან, ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ ალტერნატიული კანონპროექტის და მზად ვართ, რომ შევიდეთ იმ ცვლილებების განხილვაში, რომელიც აუცილებელია, თუმცა ამას სჭირდება დრო და დაჩქარებული წესით ხელისუფლების კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და გადაიდოს შემდგომი სესიისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
გუშინვე, პარლამენტის ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია შაბათს, 25 დეკემბერს გავრცელდა.
სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. კანონპროექტის უკან გახმობის მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი.