მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ: შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, - წერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებში.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, „რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის".
"მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ:
შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს!
ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად“, - წერია განცხაებაში.
პრეზიდენტისთვის მიუღებელია, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!
ამასთანავე, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.
"სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას.
მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა", - წერია განცხადებაში.
ცოტა ხნით წინ, სახალხო დამცველმა საგანგებო ბრიფინგი გამართა კანონპროექტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ნინო ლომჯარიას თქმით, საქმე გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს გაუქმების სრულიად უპრეცედენტო შემთხვევასთან.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების თაობაზე მედიის საშუალებით შეიტყო. მისი თქმით, დამოუკიდებელი სამსახურის ლიკვიდაცია ძალიან საშიში პრეცენდეტია. ლონდა თოლორაიამ მოუწოდა პარლამენტს, შეწყვიტოს სამსახურის ლიკვიდაციისთვის წამოწყებული პროცესი.
ცოტა ხნით ადრე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არავითარ პრობლემა არ აქვს ლონდა თოლორაიასთან და საქმე ეხება, მხოლოდ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმას.
საქართველოს პარლამენტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ჟენევის ოფისმა კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდა.
კანონპროექტს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი, რომელმაც სამსახურის გაუქმება შეაფასა, როგორც "ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელ ორგანოზე თავდასხმა".