სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე თოლორაიამ თქვა, კანონპროექტის ინიცირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატებისა და აკრედიტირებული ელჩების დიდი ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება, ამასთან დაემთხვა მის დეკრეტულ შვებულებას.
მისი თქმით, ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია.
"უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, რომელზეც 2025 წლამდე იყო ლონდა თოლორაია არჩეული და სახელმწიფოს ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის პირველი მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე. ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლები გადანაწილდნენ სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019-ში და როგორც მოხდა ეს განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის დროს, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის. ანუ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი.
ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად. ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია ისინი ასე ძალიან მარტივად შესაძლოა დარჩნენ სამსახურის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს არ ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა თოლორაიამ.