საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი უწყების შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, ორი ახალი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭება ზემოაღნიშნულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.
გარდა ამისა, ახლადშექმნილ საგამოძიებო სამსახურს, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის გარდა, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად შეიქმნა და შეითავსა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქციები.