სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმეთასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება.
სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტს, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება, როდესაც ეს ქმედება შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და ერთადერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, ეს კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან რომ არ გვაქვს საქმე, იმითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ფაქტიურად არ იცვლება ინიცირებული კანონის პროექტით", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს კანონპრექტის დებულებაზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის, მისი მოადგილეებისა და თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
"ამ ტიპის მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არასათანადო მოპყრობის აკრძალვისა და პირადი ცხოვრების უფლებებიდან მომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რიგითი პროფესიული თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შემოთავაზებული პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს დღეს არსებული წესისგან განსხვავებულ რეგულირებას, რაც აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა საჯარო მოხელეებთან და დისკრიმინაციულია თავისი შინაარსით. პროფესიული საჯარო მოხელეების სამსახურეობრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.", - ამბობს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს თავი შეიკავონ კანონის პროექტის მიღებისგან. ამასთან, ნინო ლომჯარია მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს, კანონის მიღების შემთხვევაში, აამოქმედოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ინსტრუმენტები.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების თაობაზე მედიის საშუალებით შეიტყო. მისი თქმით, დამოუკიდებელი სამსახურის ლიკვიდაცია ძალიან საშიში პრეცენდეტია. ლონდა თოლორაიამ მოუწოდა პარლამენტს, შეწყვიტოს სამსახურის ლიკვიდაციისთვის წამოწყებული პროცესი.
ცოტა ხნით ადრე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას არავითარ პრობლემა არ აქვს ლონდა თოლორაიასთან და საქმე ეხება, მხოლოდ ინსტიტუციურ და სამართლებრვი რეფორმას.
საქართველოს პარლამენტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ჟენევის ოფისმა კანონპროექტის უკან გახმობისკენ მოუწოდა.
კანონპროეტს გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორი, რომელმაც სამსახურის გაუქმება შეაფასა, როგორც "ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელ ორგანოზე თავდასხმა".