"საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას" - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს ეხმიანება.
"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას", - ნათქვამია კომისარ დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, პარლამენტის ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია შაბათს, 25 დეკემბერს გავრცელდა.
სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა.