პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიცვას ტაივანი, თუ მას ჩინეთი თავს დაესხმება.
ბალტიმორში CNN-ს მიერ ორგანიზებულ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტს ჰკითხეს დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში. ბაიდენმა უპასუხა: "დიახ, ჩვენ ამის გაკეთების ვალდებულება გვაქვს".
ბაიდენმა ანალოგიური განცხადება წარსულშიც გააკეთა, იმ დროს, როცა თეთრი სახლი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ადრინდელი პოლიტიკა კუნძულოვანი სახელმწიფოს მიმართ არ შეცვლილა.
აშშ ტაივანს უზრუნველყოფს თავდაცვითი შეიარაღებით, მაგრამ განზრახ თავს არიდებს ერთმნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირებას, გამოიყენებს თუ არა მას სამხედრო ინტერვენციისათვის ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში.
ბოლო კვირებში პეკინმა ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის ანტისაჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა გარდაუვალი უწოდა ჩინეთისა და ტაივანის "გაერთიანებას".
ბაიდენმა თქვა, რომ მას არ აქვს შიში ჩინეთთან განზრახ სამხედრო კონფლიქტის დაწყებისა, თუმცა აღნიშნა, რომ აღელვებს უნებლიე ესკალაციის რისკი.
"ჩინეთმა, რუსეთმა და დანარჩენმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს მსოფლიო ისტორიაში. არ უნდა ვიღელვოთ იმაზე, გაძლიერდება თუ არა ის უფრო მეტად", - თქვა მან.
ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ურთიერთობებზე საუბრისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ არ არის დაინტერესებული კონფლიქტის გაჩაღებაში.
"სი ძინპინთან საუბარს იმაზე მეტი დრო დავუთმე, ვიდრე სხვა ნებისმიერმა მსოფლიო ლიდერმა, აი, რატომ ამბობენ ადამიანები, რომ ბაიდენს სურს ახალი ცივი ომის დაწყება ჩინეთთან. მე არ მსურს ცივი ომი ჩინეთთან. მინდა ჩინეთმა გაიგოს, რომ არ ვაპირებთ უკან დახევას და ჩვენი შეხედულებების შეცვლას", - განაცხადა ბაიდენმა.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. პეკინი არ გამორიცხავს ძალის შესაძლო გამოყენებას გაერთიანების მისაღწევად.