"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, პოლიტიკიდან წავიდეს.
ამის შესახებ პოლიტიკურ კულუარებში უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ.
ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოარულ ხმებს მისი დუმილიც ამყარებს, რომლითაც ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალი ლიდერი უკვე თითქმის ნახევარი წელია სარგებლობს. ის, რომ სალომე ზურაბიშვილს ზაფხულიდან მოყოლებული არც ერთი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია, ექსპერტებში გარკვეულ კითხვებს ბადებს.
მიდის თუ არა ზურაბიშვილი პოლიტიკიდან და რა ბედი ელის "საქართველოს გზას", დღეს გახდება ცნობილი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოების ყველა შეკითხვას 18:00 საათზე, "თბილისი-მარიოტში" დაგეგმილ საგანგებო პრესკონფერენციაზე უპასუხებს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული, 1974 წლიდან მოყოლებული უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო რომი (საფრანგეთის საელჩო, მესამე მდივანი), ნიუ-იორკი (გაეროში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივანი), ვაშინგტონი, (საფრანგეთის საელჩო, პირველი მდივანი), ვენა (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი), ბრიუსელი (ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, წარმომადგენლის მოადგილე), პარიზი (საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველო, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი), 2003-2004 წლებში კი ის საქართველოში საფრანგეთის ინტერესებს იცავდა. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ - 2004 წელს ზურაბიშვილი პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით საცხოვრებლად უკვე თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, სადაც ერთი წელი დაჰყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელობიდან გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ზურაბიშვილი ოპოზიციაში წავიდა და 2006 წელს პარტია "საქართველოს გზის" შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.
სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც 2005 წელს შეთანხმებას მიაღწია საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ. ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირი რუსეთის მხრიდან იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (2005 წლის 19 მაისი).