საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
"ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა სამსახურს პრაქტიკული დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს ვერ უქმნის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტების გარეშე იძიებს დანაშაულებს, რომლებსაც უდიდესი საკანონმდებლო და ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ჩადიან. საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა აღიჭურვოს ისეთი ქმედითი მექანიზმებით, რომლებიც შეამცირებს სხვა უწყებათა გადაწყვეტილებებზე მის დამოკიდებულებას და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს. მაგალითად, სასამართლოსთვის შუამდგომლობით დამოუკიდებლად მიმართვის უფლება, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლა, შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დროულად მოწოდების საკანონმდებლო ვალდებულება, სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილების განხილვისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება", - ვკითხულობთა ანგარიშში.