უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლექსეი კულებამ განაცხადა, რომ ოდესაში უამინდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. 2 ოქტომბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
„ოდესა. ქალაქი სტიქიური უბედურების მძიმე შედეგებს განიცდის. უამინდობის გამო უკვე ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ხვალ ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს,“ - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი ქონების გარეშე დარჩა, ხოლო გათბობის სეზონისთვის საჭირო აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. წყალდიდობის, წაქცეული ხეების, ელექტროენერგიის გათიშვისა და ქონების დაზიანების გამო, ქალაქის ათასზე მეტმა მაცხოვრებელმა დახმარება ითხოვა.
კულებას ცნობით, ქალაქში დაახლოებით 300 კერძო და დაახლოებით 400 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
30 სექტემბერს ოდესაში ერთ დღეში 1,5 თვის ნალექი მოვიდა. უამინდობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.