უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სლავუტიჩში ენერგოობიექტებზე თავდასხმა მიზანმიმართული იყო. მან მოუწოდა მსოფლიოს, ამ და მსგავს ინციდენტებზე 100%-ით რეაგირება მოახდინონ. მისივე თქმით, ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტებზე ელექტროენერგიის გათიშვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„რუსებს არ შეეძლოთ არ სცოდნოდათ, რომ სლავუტიჩზე ობიექტებზე თავდასხმას ჩერნობილისთვის ასეთი შედეგები მოჰყვებოდა. და ეს იყო მიზანი... და ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა, რომელშიც მათ 20-ზე მეტი დრონი გამოიყენეს - წინასწარი შეფასებით, რუსულ-ირანული „შაჰედები“.
ამ დრონებიდან ზოგიერთი ჩამოაგდეს, თუმცა თავდასხმა თავად დრონების ტალღიღ იყო ორგანიზებული, რათა ობიექტის დაცვა გაერთულებინათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გათიშვა, რომელიც რუსული დაბომბვის გამო დაიწყო, მერვე დღეა მიმდინარეობს.
რუსები კი არაფერს აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად და უკრაინელ სპეციალისტებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის საშუალებას არ აძლევენ.
„რუსეთი განზრახ ქმნის რადიაციული ინციდენტების საფრთხეს, სამწუხაროდ, სარგებლობენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მისი დირექტორის, რაფაელ გროსის სუსტი პოზიციით, ასევე გლობალური ყურადღების გაფანტბით.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, G7-ისა და G20-ის ქვეყნებმა მაქსიმალურად რეალურად იმოქმედონ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. სიცოცხლის დასაცავად საჭიროა ძლიერი რეაგირება და შესაბამისი ზეწოლა რუსეთზე. მადლობელი ვარ მსოფლიოს ყველა იმ ადამიანის, ვინც არ დუმს,“ - - განაცხადა ზელენსკიმ.
1-ელ ოქტომბერს სლავუტიჩის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის მიერ ქვესადგურზე თავდასხმის შემდეგ.
სლავუტიჩში ელექტროენერგიის გათიშვამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.