უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დაასრულა თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის შიდა სკრინინგი და მზადაა გახსნას მოლაპარაკებების პირველი კლასტერი.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ სკრინინგის პროცესი ყველა წინა კანდიდატ ქვეყანაზე სწრაფად გაიარა.
„უკრაინამ დაასრულა თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის შიდა სკრინინგი და ჩვენ ეს წინა კანდიდატებზე უფრო სწრაფად გავაკეთეთ. ჩვენ ეს ხარისხიანად გავაკეთეთ. ჩვენ სრულად მზად ვართ კლასტერის გასახსნელად.
ამ საკითხთან დაკავშირებით რეალური პროგრესი გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები ისევე, როგორც კანდიდატი ქვეყნები ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს.
მან ცალკე ახსენა მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, რომლებიც, მისი თქმით, ასევე იმსახურებენ ევროინტეგრაციას.
„და მე მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ. უკრაინა მტერს ებრძვის. მოლდოვამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა თავისი ევროპული არჩევანი. კიდევ რამდენი ასეთი შემოწმება გვჭირდება ყველას? რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს: ისინიც იმსახურებენ ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილად ყოფნას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.