პარტია „გირჩი–მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას, თქმით, ის 10-მდე ადამიანმა დააკავა, მანქანაში ჩატენა და განყოფილებაში გადაიყვანა.
„აქციიდან წამოვედი დაახლოებით 22:15 საათზე, ჩავედი მეტროში და ამოვედი ჩემს სახლთან, დადიანის ქუჩაზე მდებარე მეტროსთან. შევედი მაღაზიაში. გამოვედი და დავინახე „შკოდა“, უცბად თავი ჩავღუნე და რომ ამოვიხედე, უცბად, დავინახე რამდენიმე ადამიანი.
დაიწყეს ჩემი დაკავება. ვცდილობდი ტელეფონის დაბლოკვას - როგორც კი დავბლოკე, წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი. აზრი არ ჰქონდა.
დამკავებელთა შორის ერთი ნაცნობი პოლიციელი იყო. ხშირად მინახავს აქციებზე. მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი, რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო.
მარჯანიშვილზე [აღმაშენებლის გამზირზე] მდებარე პოლიციაში მიმიყვანეს. ორჯერ გამჩხრიკეს - გაჩხრეკაში ვგულისხმობდი მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს.
მიხსენებდნენ მზია ამაღლობელსა და ჩემს მეგობარს საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე რეჟიმის მსხვერპლია. მეუბნებოდნენ, რომ ძმაკაცები მოძალადეები ვართ“. ინფორმაციის მიწოდებას მთხოვდნენ. როცა მიხვდნენ, რომ არაფრის თქმას ვაპირებდი, სხვა ოთახში გამიყვანეს. იქ იყო ერთი პოლიციელი და გამომძიებელი.
მითხრეს, რომ დაკავებული ვარ 120-ე მუხლის მეორე ნაწილით”, - განაცხადა ხასაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებული ერთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. [„რადიო თავისუფლების“ ლაივბლოგი]
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარედგინათ.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.