საფრანგეთი და იტალია შეუერთდნენ იმ ქვეყნებს, რომელთაც ასტრაზენეკას მიერ წარმოებული პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი დროებით შეაჩერეს, მიუხედავად ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მოწოდებისა, რომ პრეპარატსა და ვაქცინირებულთა შორის თრომბის გამოვლენას არავითარი კავშირი არ აქვს.
საფრანგეთის გადაწყვეტილება ვაქცინაციის დროებით შეჩერების შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე გააჟღერა და დასძინა, რომ ეს არის "მხოლოდ და მხოლოდ სიფრთხილის ზომა".
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი დაუყოვნებლივ გააგრძელებს ვაქცინაციას როგორც კი ევროპის მედიკამენტების სააგენტო "მწვანე შუქს აუნთებს".
იტალიის ეროვნულმა მარეგულირებელმა ვაქცინაციის პროცესის შეჩერება განმარტა, როგორც "სიფრთხილის დროებითი ღონისძიება", რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოიყენება.
მანამდე, ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაცია შეაჩერეს გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ, ბულგარეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ისლანდიამ.
რამდენიმე დღის წინ, ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა ტაილანდმაც, თუმცა ცნობილი გახდა, რომ დღეიდან მან კვლავ განაახლა ამ პრეპარატის გამოყენება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, არ არსებობს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თრომბი, რომელიც ზოგიერთ ვაქცინირებულ პაციენტში გამოვლინდა, ამ ვაქცინას უკავშირდება.
ამ პოზიციას იზიარებს, ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელი, ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რომლის განცხადებითაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ "ასტრაზენეკას" ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია.
ვაქცინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca, რომელიც აცხადებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის შესახებ მტკიცებულება არცერთ შემთხვევაში დადასტურდა.
კომპანიის განცხადებით, ვაქცინირებულებს შორის თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.