დღეს, 14 დეკემბერს შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიის წევრები შეიკრიბებიან, რათა ოფიციალურად დაამტკიცონ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო პროცესის ეს ნაწილი იშვიათად იწვევს ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღება, რადგან როგორც წესი, კოლეგიის შეკრებამდე პრეზიდენტის არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაუსაბუთებელი ბრალდებები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს საარჩევნო კოლეგიის წევრთა შეკრებას.
საარჩევნო კოლეგიის მიერ ბაიდენის პრეზიდენტად ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ, წერტილი დაესმევა დონალდ ტრამპის მცდელობებს სამარლებრივი გზით ეცადოს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას.
თუმცა კიდევ რჩება ერთი ნაბიჯი, სადაც ტრამპი დიდ ალბათობით შეეცდება შეაფერხოს საარჩევნო პროცესის სვლა. საარჩევნო კოლეგიის მიერ დამტკიცებული შედეგები უნდა გაიგზავნოს ვაშინგტონში, სადაც მისი განხილვა უნდა გაიმართოს 6 იანვარს კონგრესში. მოელიან, რომ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელების ნაწილი ხანგრძლივ დებატებს გამართავს, რაც მცირედით გაახანგრძლივებს კონგრესის მიერ შედეგების დადასტურებას.
6 იანვარს კონგრესის მიერ საარჩევნო კოლეგიის შედეგების დათვლის შემდეგ, 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაგურაცია გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება თითოეულ შტატში არჩეული წარმომადგენლებისაგან. კოლეგიაში ყოველ შტატს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელი ჰყავს, რადგან ის დამოკიდებულია შტატების მოსახლეობის რაოდენობაზე.
საარჩევნო კოლეგიაში 538 წევრია, შესაბამისად გამარჯვებული ხდება ის, ვინც მოიპოვებს კოლეგიის წევრთა უმრავლესობის ხმებს, 270 ან მეტ ხმას.
3 ნოემბრის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა.
ტრამპი ჯერ კიდევ უარს ამბობს, აღიაროს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს შეერთებული შტატების უზენასმა სასამართლომ უარყო ტეხასის შტატის გენერალური პროკურორის სარჩელი, რომლითაც 4 შტატის არჩევნების შედეგების გაბათილება იყო მოთხოვნილი.
გარდა ამისა, 8 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ერთხმად უარყო რესპუბლიკელთა სარჩელი პენსილვანიის შტატში მილიონობით ხმების გაუქმების მოთხოვნით.
დონალდ ტრამპი 3 ნოემბრიდან აცხადებს, რომ დემოკრატებმა "მოპარეს არჩევნებში გამარჯვება" მასიური გაყალბების გზით. ამასთან, დღემდე არც ტრამპს და არც მის ადვოკატებს არ წარმოუდგენიათ გაყალბების დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ტრამპის გუნდის მიერ შეტანილი ათობით სარჩელი უარყოფილ იქნა სხვადასხვა შტატის სასამართლოებში. გასულ კვირას აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ აღმოაჩინა ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელიც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.