შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელების სარჩელი, რომლებიც პენსილვანიის შტატში ფოსტით მიღებული 2 მილიონზე მეტი საარჩევნო ბიულეტენების გაუქმებას ითხოვდნენ.
რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ პენსილვანიაში ფოსტით ხმის მიცემის პროცესი პროცედურების დარღვევით წარიმართა.
უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი დამატებითი განმარტების გარეშე. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა სასამართლოს ცხრავე მოსამართლემ.
მანამდე პენსილვანიის შტატმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. ოფიციალური შედეგების მიხედვით ბაიდენმა ამომრჩეველთა 50% მიიმხრო, დონალდ ტრამპმა კი 48.8%. სხვაობა კანდიდატებს შორის 80 000 ხმას აღემატება.
დონალდ ტრამპი არჩევნებზე "ფართომასშტაბიან გაყალბებაზე" საუბრობს ისე, რომ ამ დრომდე ამის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის, არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.