ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. იუწყება ადგილობრივი მედია.
აქციის მონაწილეები ტირანის ცენტრში კვირას, ალბანეთის ნაცისტური ოკუპაციისგან გათავისუფლების დღეს შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პროტესტს 28 ნოემბრის აქციების შემდეგაც აგრძელებდნენ, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 114-ე წლისთავს დაემთხვა.
მომიტინგეებმა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს და სკანდირებდნენ: „ძირს დიქტატურა!“
თავდაპირველად აქციას მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
სამართალდამცველებმა შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრანტები კი პოლიციას მძიმე საგნებს, პიროტექნიკასა და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. მათ ასევე გადაკეტეს საავტომობილო მოძრაობა და დააზიანეს სახელმწიფო ქონება.
ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების ინფორმაციით, კვირას კიდევ 12 ადამიანი დაშავდა. შაბათს დაშავებულთა რაოდენობა 60-ს აჭარბებდა. მათგან ბევრმა დაზიანებები რეზინის ტყვიების შედეგად მიიღო.
28 ნოემბერს, ალბანეთის დამოუკიდებლობის დღეს გამართული საპროტესტო აქცია დაახლოებით ათსაათიანი დაძაბულობისა და შეტაკებების შემდეგ დასრულდა.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ მანამდე განაცხადა, რომ მასშტაბური სტუდენტური პროტესტის მიუხედავად, თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
მაისიდან ალბანეთში საპროტესტო აქციები იმართება სამხრეთ სანაპიროზე მდიდრული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან არის დაკავშირებული.
მოგვიანებით პროტესტი ყოველდღიურ საპროტესტო მოძრაობაში გადაიზარდა, რომლის მონაწილეები რამას გადადგომას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.