უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე ვითარება რთული, თუმცა სტაბილურია. მან ხაზი გაუსვა, რომ აუციებელია დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსი ოკუპანტების განადგურება გაგრძელდეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს - თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც საბრძოლო დავალებებს სრულყოფილად ასრულებს. ფრონტზე ვითარება რთულია, თუმცა სტაბილური. მტრის იერიშებს ვიგერიებთ.
კონსტანტინოვკა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა იქ ოკუპანტების განადგურება კვლავაც გავაგრძელოთ. მადლობა საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ჯარებს აქტიური მოქმედებებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან ასევე მოისმინა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ანგარიში რუსეთის გეგმების შესახებ, მათ შორის მოსალოდნელი დარტყმების, რაკეტების წარმოებისა და მარაგების დაგროვების თაობაზე.
გარდა ამისა, ზელენსკიმ მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდთან გამართა გაფართოებული თათბირი, რომელზეც განიხილეს ქვეყანაში სატრანსპორტო მდგომარეობა, ლოგისტიკური პრობლემები, მოსახლეობის რეალური სოციალური საჭიროებები და ის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც მოქალაქეების მხარდასაჭერად არის შესაძლებელი.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფრონტისპირა რეგიონებს, დედაქალაქსა და იმ რეგიონულ ცენტრებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ უკრაინის ეკონომიკისა და ქვეყნის მდგრადობისთვის.
„გადაწყვეტილებები იქნება“, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.