2010 წლის შემდეგ ეს არის ყველაზე მასშტაბური ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში,- აცხადებენ ნასაში. სააგენტოს სატელიტების მონაცემებისა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტების დაკვირვებით, დაკვამლიანება დედამიწის ზედაპირიდან 400 კილომეტრზეც კი მკაფიოდ ჩანს.
ნასას Aqua-ს სატელიტი დედამიწის ზედაპირს 2003 წლიდან აკვირდება და ხანძრის კერებს აფიქსირებს. სენსორები დედამიწის ზედაპირზე არსებულ ყველა თერმულ აქტივობას და ტემპერატურულ ცვლილებას ასახავს.
სენსორებმა 2019 წელს ამაზონის ჯუნგლებში ყველაზე მაღალი აქტივობა დააფიქსირეს, რაც ბრაზილიაში შვიდივე შტატში ერთად აღებულ ხანძრის კერებზე გაცილებით მეტია.
შეგახსენებთ, რომ ამაზონის ჯუნგლები დედამიწის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს და იქ უკვე რამდენიმე კვირაა ტყის მასივი იწვის. ჯუნგლებში გაჩენილი ხანძრები ეკოლოგიურ კატასტროფად შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა და სასწრაფოდ მოითხოვა დიდი შვიდეულის შეკრება. სამიტზე ბრაზილიის დასახმარებლად სწრაფი წესით გამოიყო 22 მილიონი ევრო, რომელიც ჯუნგლებში ტყის აღდგენას უნდა მოხმარებოდა. აღნიშნული დახმარება ბრაზილიამ არ მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტი კოლონიალურ მენტალობაში დაადანაშაულა და შეახსენა, რომ ბრაზილიაში ცეცხლის ჩაქრობის ნაცვლად სჯობს საკუთარი ქვეყნის პრობლემების მოგვარებით დაკავდეს.
26 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძრის კერაზე 5-ჯერ მეტი რაოდენობა იწვის. ერთი თვის წინ კი ციმბირში ათობით ათასი კვადრატული მეტრი ტყე დაიწვა.მეცნიერები 2019 წელს ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ წლად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს პროცესები გლობალური დათბობის პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს.