თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ომის პარტია, ეს სწორედ "ქართული ოცნებაა", -ამის შესახებ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" პრაქტიკულად ომის მდგომარეობაშია უკლებლივ ყველასთან, ვინც არ აღიარებს ბიძინა ივანიშვილის მარადიულ მმართველობას და მისი ნება-სურვილების აღმატებულებას კანონზე და სამართალზე. შედეგად, ქვეყანა არის პერმანენტულ კრიზისში.
"თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ომის პარტია, ეს სწორედ ქართული ოცნებაა ბიძინა ივანიშვილის თამადობით და ირაკლი კობახიძის ოპერატიული მენეჯმენტით.
ომი არ ნიშნავს, მაინცდამაინც ზარბაზნების სროლას. რადიკალური დაპირისპირების რეჟიმი, რომელიც მუდმივად კრიზისულ ექსტრემში გვამყოფებს და მუდმივად ჰქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს, ასევე ომია.
ქართულ ოცნებას ომი აქვს გამოცხადებული ევროკავშირისთვის. დღე არ გავა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბრიუსელის ბიუროკრატიას რომ არ აგინონ და მერე სოციალურ ქსელებს საჯარო მოხელეები და ტროლ-ბოტები არ შეუსიონ იგივე მესიჯბოქსით.
ქართული ოცნება დაუღალავად ეომება დიფსთეითს, რომელსაც არც სახელი აქვს, არც გვარი, არც მისამართი, მაგრამ ის აკოტრებს შვეცარიის საბანკო სისტემას, აკონტროლებს ევროპულ და ამერიკულ მედიას, ნაყიდი ჰყავს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები, ამკვიდრებს ლიბერალურ ფაშიზმს, ერთმანეთში აომებს უკრაინას და რუსეთს და ერთადერთი ბიძინა ივანიშვილს ვერ ერევა. ვერც დავით მათიკაშვილს და მარიამ ლაშხს, სხვათა შორის.
ქართული ოცნება პრაქტიკულად ომის მდგომარეობაშია ყველა თავის ოპონენტთან, ყველა შერაცხული ჰყავს, მტრად, მოღალატედ, კრიმინალად, აკაცუკად, მაზაკვალად და ნაცად. ხელისუფლების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეძახის სამხედრო გადატრიალებას, საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების კრიტიკას - მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნისთვის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდებას. არასამთავრობი სექტორსდ ა დამოუკიდებელ მედიას ჯაშუშებს, და ეს მაშინ, როდესაც მათივე გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც კი ოპოზიციას რვაას ათასზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა. მინიმუმ რვაასი ათასი მოქალაქე ჰყავს ხელისუფლებას მტრად გამოცხადებული.
ხელისუფლებას ციხეში ჰყავს გამოკეტილი პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები და პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად რეიტინგული პარტიის აკრძალვა აქვს დაანონსებული. რა არის ეს, თუ არა მრავალპარტიულობის და პლურალიზმის წინააღმდეგ ომი?
ქართულმა ოცნებამ ომი გამოუცხადა ემიგრანტებს, რომელთაც ფაქტობრივად წაართვა ხმის უფლება და არც დაუმალავს, რომ ესაა სასჯელი ემიგრაციაში ოპოზიციური განწყობების დომინირების გამო
ქართული ოცნება აღშფოთებულია, როგორ დაგვაბრალა ბიბისიმ ქიმიური იარაღის გამოყენებაო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ასეულობით ადამიანი მოიწამლა შარშან ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს და ზოგს დღემდე დარჩენილი აქვს მაშინდელი მოწამვლის კვალი? ვინმემ გამოიძია ეს და ვინმე დაისაჯა? რა თქმა უნდა არა, რადგან ასე ექცევიან მტრებს ომის დროს და ქართული ოცნება აქციის მონაწილეთა სახით ხომ მოსისხლე მტრებს ეომება?
მოკლედ, ქართული ოცნება პრაქტიკულად ომის მდგომარეობაშია უკლებლივ ყველასთან, ვინც არ აღიარებს ბიძინა ივანიშვილის მარადიულ მმართველობას და მისი ნება-სურვილების აღმატებულებას კანონზე და სამართალზე. შედეგად, ქვეყანა არის პერმანენტულ კრიზისში. ყველაფერი არის არასტაბილური და არაპროგნოზირებადი. ამაოდ ცდილობს ხელისუფლება შექმნას ილუზია, თითქოს ყველაფერი გადასარევადაა და მხოლოდ ორმოცდაათი აკაცუკი დათარეშობს თბილისის ქუჩებში, ყველამ იცის, რომ ეს ტყუილია. თვითონაც იციან. კი გაიძახიან მშვიდობა, მშვიდობაო, მაგრამ ფაქტობრივად სულ ომში არიან და ამ ომით სულდგმულობენ.
რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილიც და ქართული ოცნებაც გაცდა უკვე იმ ზღვარს, როდესაც შესაძლებელი იყო თუნდაც მყიფე სტაბილურობის შენარჩუნება არსებული რესურსით. სიხისტემ, სიჯიუტემ, რეპრესიებმა, შიშველ ძალაზე დაყრდნობამ და კომპრომისებზე პრინციპულმა უარმა მოიტანა ის, რომ ვითომდა მშვიდობისთვის მებრძოლი ქართული ოცნება თავად გახდა დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, რომლის არსებობის საზრისიც არის ფაქტობრივი ომი ყველას წინააღმდეგ, ვინც მის ერთადერთობას და განუმეორებლობას არ აღიარებს.
ამ კრიზისიდან გამოსავალი არ არსებობს ოცნების მმართველობის პირობებში. თუ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. გასაგებია, რომ პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაა საჭირო, რომელიც საზოგადოებას გააერთიანებს, მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და არ წააქეზებს დაპირისპირებას და ურთიერთსიძულვილს. არ არის ეს ადვილი, მაგრამ... აბა ომი გვინდა?" - წერს ზურაბიშვილი.