რა არის ევროპარლამენტი და რას ემსახურება ის?
ევროპის პარლამენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ორგანოა, რომლის არჩევაც პირდაპირი წესით (1979 წლიდან) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. 23-26 მაისს ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყება ხმისმიცემის პროცედურა, სადაც 700-ზე მეტ დეპუტატს აირჩევენ. დეპუტატები 28 ქვეყანას და 500 მილიონი ევროკავშირის მოქალაქის ინტერესებს ევროპარლამენტში წარმოადგენენ. წინა არჩევნები 2014 წელს ჩატარდა.
ევროპარლამენტის მთავარ საქმიანობას ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე ევროპული კანონმდებლობის მიღება წარმოადგენს. ევროპარლამენტის ძირითადი ფუნქციებია: საკანონმდებლო საქმიანობა, დემოკრატიული კონტროლი და ბიუჯეტის დამტკიცება. პარლამენტის დემოკრატიული კონტროლის ფუნქცია კი გამოიხატება იმაში, რომ ამტკიცებს ევროკომისიის წევრებს და შეუძლია მისთვის უნდობლობის გამოცხადება;
პარლამენტში, დეპუტატების არჩევის შემდეგ, იქმნება პოლიტიკური ალიანსები და გაერთიანებები. ევროპარლამენტარებს შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი ეროვნული პოლიტიკური პარტია ან დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა. ამავდროულად, ისინი წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას.
ამჟამად ევროპარლამენტში 750 დეპუტატია. შექმნილია 8 გაერთიანება. ევროპარლამენტის ორი უმსხვილესი ალიანსი, ევროპის სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატები არიან. გარდა ამისა პარლამენტში წარმოდგენილია 21 დეპუტატი, რომელიც დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს.
მიიღებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას?
2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წლის 29 მარტს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდოდა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკოსებმა ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
დიდი ბრიტანეთი ლეგალურად ინარჩუნებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას, შესაბამისად, თუ ქვეყანა ევროკავშირის დატოვების გეგმას 22 მაისის ჩათვლით არ დაამტკიცებს, ის ვალდებული იქნება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ბოლო ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა არჩევნებში მონაწილეობა დაადასტურა.
რომელი ძალა მიაღწევს წარმატებას ევროპაში?
გასულ წლებში, ევროპაში ანტიევროპული ძალები გაძლიერდა თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მათი უმრავლესობაში მოსვლის ალბათობა ნაკლებია. მეტად სავარაუდოა, რომ ამჯერად ისინი პარლამენტში დეპუტატების სახით ვიხილოთ. ვარაუდობენ, რომ ევროპის სახალხო პარტია და სოციალ-დემოკრატები კვლავ მაღალი კვოტით შევლენ პარლამენტში.
ანტიევროპული ძალების შესახებ, ბიზნესმენმა და ფილანთროპმა ჯორჯ სოროსმა, გამოცემა „პროჯექთ სინდიქეით“-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „ევროპა, გთხოვ, გაიღვიძე“. ბიზნესმენმა საკუთარ სტატიაში აღნიშნა, რომ ევროპა რევოლუციური მომენტის წინაშე დგას და მას გამოღვიძება სჭირდება, მან ბრექსიტის წინააღმდეგ კამპანიაც წამოიწყო.
"ევროპა მთვარეულივით გონებადაკარგულია და ადამიანებმა უნდა გამოიღვიძონ, ვიდრე ძალიან დაგვიანდება. თუ ასე არ მოვიქცევით, ევროკავშირი დაადგება საბჭოთა კავშირის გზას, როგორც ეს 1991 წელს მოხდა. ვერც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და პოლიტიკოსი ვერ იაზრებს ფაქტს, რომ რევოლუციური მომენტის წინაშე ვდგავართ, სადაც შესაძლებლობების დიდი არჩევანია და საბოლოო შედეგი ძალიან ბუნდოვანი”, - აღნიშნა მან სტატიაში.
ანტიევროპული ძალებს წარმომადგენლები, ძირითადად, ნაციონალისტი ან პოპულისტური პარტიების წარმომადგენლები არიან.
პროევროპული ძალები ამბობენ, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ როლს თამაშობს გარემოსდაცვით, განახლებადი ენერგორესურსების, შრომითი უფლებების, ფინანსური სტაბილურობისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში.
საერთაშორისო ფინანსურ ფრონტზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთთან კონკურენციაში პროევროპული ძალების პოზიცია ევროპის ერთიანობაა.
რა გამოწვევებზე იმუშავებს ევროპა?
ევროკავშირში იმიგრაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 2015-2016 წლებში მიგრანტთა კრიზისის დროს გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და პოლონეთში ნაციონალურმა ძალებმა იმძლავრეს. ევროპაში თვლიან, რომ ეს საკითხი თავად ევროკავშირს უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ეს თემა დღის წესრიგშია.
ამომრჩევლები, ევროპარლამენტს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 16 წლის მოსწავლის, გრეტა ტურნბერგის მასშტაბურმა ინიციატივამ, რომელსაც მხარი მთელმა მსოფლიომ დაუჭირა, ევროპარლამენტის დღისწესრიგში კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა დააყენა.სკანდინავიელმა პოლიტიკოსებმა 16 წლის შვედი მოსწავლე გრეტა ტურნბერგი, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც კი წარადგინეს.
ევროკავშირში კრიმინალთან ბრძოლას და ეკონომიკურ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღებით იმუშავებენ.
ქვეყნები რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ
ნაციონალისტი და პოპულისტი პარტიების სასარგებლოდ, ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკაზე გაბრაზებული ბრიტანელებს ხმებმა, "ბრექსიტის" მიუხედავად, შესაძლოა მეტად გააძლიეროს ანტიევროპული ძალები.
აღსანიშნავია, იტალიის მმართველი ნაციონალისტთა და პოპულისტთა პარტია, რომელიც მატეო სალვინის მეთაურობით, ანტიიმიგრაციულ კოალიციაშია გაერთიანებული.
ევროპაში აკვირდებიან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD), რომელიც ფინეთისა და დანიის სახალხო პარტიებთან ერთად ალიანსს ქმნის.
ევროპაში საფრანგეთსაც დიდ ყურადღებას უთმობენ, სადაც ემანუელ მაკრონის პარტია En Marche არჩევნებში წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო და ევროპა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1992 წლიდანვე იწყება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა. ორმხრივი ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2003 წლიდან ხდება, როცა საქართველო აქტიურად იწყებს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. ამ ურთიერთობებში სრულიად ახალი ეტაპი კი 2014 წლის 27 ივნისიდან იწყება, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესის შესაბამისად სახელმწიფოებრივ განვითარებას.
© საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი"