აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკითა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტს კითხვა დაუსვეს რუსეთში ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან ჯარში 160 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაწვევას გეგმავენ.
„მე შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა წუხელ თქვა. ის იმედგაცრუებულია ამ კონფლიქტის ორივე ლიდერით. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ხალხი ორივე მხრიდან იღუპება და ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება“, - თქვა ლევიტმა.
გარდა ამისა, მან დასძინა, რომ ამერიკული მხარე ყოველდღიურად აგრძელებს ურთიერთობას უკრაინასთან და რუსეთის ფედერაციასთან.
„ჩვენი გუნდი აგრძელებს ურთიერთობას რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინასთან და პრეზიდენტი აგრძელებს ყოველდღიურ ძალიან აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით “, - თქვა ლევიტმა.