ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ახალი მეთაური წარადგინა.
ამ ღონისძიებას წინ უსწრებდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ, გუშინ, 21 აპრილს, გაავრცელა ინფორმაცია გენერალ ჰოსეინ სალამის გვარდიის მეთაურად დანიშვნის შესახებ. მანამდე გვარდიას მოჰამედ ალი ჯაფარი, 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ალი ჯაფარის გადაყენების მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა არმია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.