ვენესუელის არალეგიტიმურმა პრეზიდეტმა ნიკოლას მადურომ „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში, აშშ-ის მთავრობას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, „ექტრემისტების დაჯგუფება“ უწოდა და მთელი პასუხისმგებლობა ვენესუელაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით აშშ-ს დააკისრა.
„ბი-ბი-სის” ჟურნალისტთან საუბრისას, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ის ვერ დაუშვებს ვენესუელაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას, რამეთუ აშშ-ის სწორედ ამ გზით ცდილობს ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელებას.
23 იანვარს კარაკასში ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ამასთან, გასულ კვირას, 01 თებერვალს, ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ბოლივია, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.