გასულ წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების 46% განიხილა, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, სადაც კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
განხილულ კანონპროექტებს შორის ირაკლი კოვზანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომლის ხარჯვითი ნაწილი უპრეცენდენტოდ მაღალ მაჩვენებელს, 13 მლრდ ლარს აჭარბებს. ამასთანავე, საბიუჯეტო დეფიციტი მხოლოდ 2.6%-ის, ინფლაცია კი - 3%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული.
„მთლიანობაში, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებს და ემსახურება ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობის, ფინანსურ მდგრადობის და ეკონომიკური ზრდის საფუძვლის შექმნას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა გასულ წელს მიღებულ და ამოქმედებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საბანკო და არასაბანკო აქტივების გამიჯვნას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების სრულად განხორციელებას, ჭარბვალიანობის შემცირებასა და ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მექანიზმების ამუშავებას.
ირაკლი კოვზანაძემ გამოსვლაში აღნიშნა, რომ კომიტეტის კომპეტენციაშია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშების განხილვა. გარდა ამისა, გერმანული მოდელის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი იხილავს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს.
„2018 წელი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ძალიან შრომატევადი და, რაც მთავარია, საკმაოდ პროდუქტიული იყო. ვფიქრობ, მიმდინარე წელიც ძალიან დატვირთული იქნება. ჩემდამი რწმუნებული კომიტეტის 2019 წლის პრიორიტეტები ჩვენ დეტალურად გვაქვს გადმოცემული კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში.