2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია.
„წლის დასაწყისში ექსპორტის ზრდის გასული წლების ტენდენცია შენარჩუნებულია. 2018 წელი დასრულდა რეკორდული ციფრებით, როდესაც საქართველოდან განხორციელდა 86,2 მლნ ბოთლის ექსპორტი, ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იანვრის მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რაოდენობის 22%-აინი ზრდის ფონზე, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 33%-ით გაიზარდა. ეს მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი მზარდია საერთაშორისო ბაზრებზე“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 52% (268724), ჩინეთი - 12% (281229), დიდი ბრიტანეთი - 110% (7800) და აშშ - 1639% (62609); ასევე ევროპის მიმართულებით: გერმანია - 235% (63210), შვედეთი - 100% (9000), ბულგარეთი - 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: აზერბაიჯანი - 100% (5790), მონღოლეთი - 100% (66012), რუსეთი - 30% (4602218), ბელარუსი - 100% (43272) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (4602218), უკრაინა (553164), ჩინეთი (281229), პოლონეთი (268724) და ყაზახეთი (156120). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 96-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 2% შეადგინა.
მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 23 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვართან შედარებით 23%-ს აღწევს.