არ მინდა, ვიფიქრო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეგნებულად დანიშნა ფრაქციის სხდომა მაშინ, როცა მე არ ვიყავი საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პირველ არხს“ განუცხადა.
ბესელიას თქმით, ის ახლა სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფება, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე საქმის კურსში იყო.
„არ მინდა, ვიფიქრო, რომ მან შეგნებულად დანიშნა ასეთ დროს სხდომა, როცა არ ვიყავი საქართველოში. ფრაქციას ვაცნობე, რომ თუ საკითხები ეხება ჩემთან დაკავშირებულ მოვლენებს, მსურს, ჩემი თანდასწრებით მოხდეს ამ საკითხების განხილვა, რაც ეთიკური იქნებოდა. არ ვიცი, რატომ დაიგეგმა ასე“, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მისთვის „ქართული ოცნების“ ფრაქციის დღევანდელი სხდომის შინაარსი და მიღებული გადაწყვეტილებები ცნობილი არ არის.
„შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც ვიცი, რაც სიმართლეა და გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რისი დამახინჯების მცდელობასაც ვხედავ, დიახ, ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურასა და სიებს. სწორედ ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ ოფისში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 2018 წლის 31 დეკემბერს აირჩიეს. მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. გედევან ფოფხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ დაეთანხმა. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი შეფასებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.
საპარლამენტო უმრაველსობაში დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მოჰყვა, რის გამოც ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. თანამდებობა ასევე დატოვა იურიდიული კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშილმა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. როგორც მან აღნიშნა, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს. მისი თქმით, ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდ წილად პარტიის შიდა სამზარეულოა.
ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში. მისივე თქმით, გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს.