ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის შეფერხებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე მთლიანად ტექნიკურ მიზეზებს უკავშირებს.
"იყო გარკვეული შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები მიმართული იყო პროექტის სასიკეთოდ, რათა ის უფრო დახვეწილიყო. ეს არ უკავშირდებოდა ფინანსურ პრობლემებს, თუმცა საბოლოოდ პროექტი შეჯერებულია და მისი განხორციელება მთლიანობაში დღეს უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე მოველოდით",'- განაცხადა რასიზადემ.
წინასწარი გათვლებით, მთლიანად მაგისტრალის მშენებლობა დახლოებით 200 მილიონი დოლარი ჯდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 500 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე ასაშენებელია მთლიანობაში 150 კილომეტრი რკინიგზა. ახალი რკინიგზა კარტახიდან წავა თურქეთის მიმართულებით. ეს იქნება 30-კილომეტრიანი, ხოლო 4-კილომეტრიანი იქნება თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბი.
საქართველოს ტერიტორიაზე პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობას კრედიტი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოუყო. ეს თანხა მთლიანობაში 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ დროისთვის ქართულ მხარეს ათვისებული აქვს მხოლოდ 50 მილიონი დოლარი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველოს კრედიტი საკმაოდ შეღავათიანი პირობებით გამოუყო.
200-მილიონიანი კრედიტი საქართველოს მთავრობამ 25 წლის ვადით, წლიური 1-პროცენტიანი განაკვეთით მიიღო. თანხის დაბრუნება საქართველოს მთავრობას პროექტის ამოქმედების შემდეგ რკინიგზიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე მოუწევს.
ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2012 წლისთვის უნდა დასრულდეს.