საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი დააკმაყოფილა. ამიერიდან უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, ასევე უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს, საქართველოს კანონმდებლობით მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული უფლებების საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის შესაძლებლობა ექნება.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხებოდა კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არ აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის უფლება. ომბუდსმენის აზრით, ასეთი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რომელიც ასეთი შესაძლებლობით ყველა ადამიანს, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოფდეს.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, ასეთი უფლებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საკანონმდებლო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა, შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენა შეეძლებათ.
სარჩელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. გადაწყვეტილების გამოცხადებას სახალხო დამცველი და პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრენენ.