აფხაზეთი არ აპირებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, იგი არ არის ოკუპირებული ტერიტორია და სტრატეგია, რომელსაც იაკობაშვილი ასე დაფოფინებს ჩვენთვის არაა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა.
"ჩვენ არაერთხელ გაგვიხმოვანებია ჩვენი დამოკიდებულება დოკუმენტის მიმართ, რომელსაც "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ" ეწოდება. ამ სტრატეგიას არავითარი საერთო არა აქვს აფხაზეთის რესპუბლიკასთან", _ აცხადებს სერგეი შამბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთსა და საქართველოს საერთო არაფერი აქვთ.
"ჩვენ და საქართველოს სხვა და სხვა მიზნები გვაქვს. აფხაზი ხალხი არ აპირებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას. მან უკვე გამოხატა თავისი ნება ჩატარებულ რეფერენდუმზე. აფხაზეთმა უკვე მოიპოვა მართალია ნაწილობრივი საერთაშორისო აღიარება, მაგრამ იგი არ არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენ ვიყავით ოკუპირებული 1992-1993 წლებში მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ იმ სისხლისმღვრელ ომში", _ განაცხადა სერგეი შამბამ აფხაზურ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულია მთელი რიგი შეთანხმებები და რუსული ჯარი აფხაზეთში სრულიად კანონიერ საფუძველზე იმყოფება. ისინი, შამბას თქმით, აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოებასა და რეგიონის სტაბილურობას უზრუნველყოფენ.
"აბსურდად მიმაჩნია ყველა განცხადება, სტრატეგია და გეგმა სადაც საუბარია აფხაზეთის დაბრუნებაზე საქართველოს შემადგენლობაში. ეს პროგრამა აბსოლუტურად არარეალურია და მისი ერთადერთი მიზანია, ჩემი აზრით, გულუბრყვილო ევროპელებისათვის ფულის გამორთმევა მორიგი ქართული ავანტიურისათვის. მეტი ეს არაფრამდე არ მივა", _ განაცხადა შამბამ.
მისივე თქმით, აფხაზეთი არ აპირებს საქართველოსთან ამ სტრატეგიის მიხედვით თანამშრომლობას.
"საკმარისია ამ სტრატეგიის პრეამბულა წაიკითხო, რომ მიხვდები თუ რა უაზრობაა კითხვის გაგრძელება. ამ სტრატეგიის შეცდომა, გარდა მრავალისა კიდევ არის ის, რომ იგი იზოლირებას აცხადებს აფხაზეთისა მთელი მსოფლიოსათვის და მხოლოდ საქართველოსთვის ხსნის მას. ჩვენ არ ვაპირებთ ურთიერთობების განვითარებას მხოლოდ საქართველოსთან. ჩვენ გვინდა ღია ვიყოთ მთელი მსოფლიოსათვის", _ განაცხადა სერგეი შამბამ და დასძინა, რომ აფხაზეთის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მას თანამშრომლობა სურს ყველა მეზობელთან მათ შორის საქართველოსთან, რა თქმა უნდა მაშინ როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, როდესაც საქართველო აღარ განიხილავს აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად და თავს დაანებებს მის განხილვას როგორც თავისი განუყოფელი ნაწილისა.
მასალის გამოყენების პირობები