ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დროებით კრძალავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას.
ჩეხეთის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე ხუთშაბათს, 6 თებერვალს გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, რუსების უმეტესობა ვერ მიიღებს ჩეხეთის მოქალაქეობას, მაშინაც კი, თუ ისინი უარს იტყვიან რუსულ პასპორტზე: მათი განაცხადები ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად გაყინული იქნება უკრაინის ომის დასრულებამდე.
გამონაკლისი შეეხება მხოლოდ რუსეთიდან პოლიტიკურ დევნილებსა და 15 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ამავე კანონის ძირითადი ნაწილი ჩეხეთში უკრაინელი ლტოლვილების მიღების პროცედურას განსაზღვრავს.
უკრაინიდან ლტოლვილთა მიღების რეჟიმი ერთი წლით გახანგრძლივდა. ჩეხეთის მთავრობის დროებითი დაცვა ლტოლვილებს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ასევე განათლების სისტემასა და შრომის ბაზარზე წვდომას აძლევს.
ამასთანავე, ცვლილება ეკონომიკურად დამოუკიდებელ ლტოლვილებს საშუალებას აძლევს მიიღონ სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც შემდგომში მათ ქვეყანაში მუდმივად დარჩენის საშუალებას მისცემს.
დოკუმენტი ართულებს უკრაინელი ბავშვების ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და მუნიციპალურ სკოლებში დაშვების პროცედურას. კანონის ეს დებულება დისკრიმინაციულად იქნა შეფასებული.
გარდა ამისა, ჩეხეთის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც კრძალავს უცხო სახელმწიფოსთან არასანქცირებულ/არაავტორიზებულ თანამშრომლობას.
ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა გააკრიტიკა ცვლილება და მას უწოდა "ყველაზე სასტიკი თავდასხმა სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე" [იმდროინდელ] ჩეხოსლოვაკიაში კომუნიზმის დაცემის შემდეგ.
ცვლილებების ავტორებმა ეს დებულება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით ახსნეს.