აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირას მალაიზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტის ფარგლებში, კამბოჯასა და ტაილანდს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა და ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა, ასევე ტრამპმა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტაილანდი და კამბოჯა შეწყვეტენ ყველა სამხედრო მოქმედებას და დაამყარებენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
გარდა ამისა, ტაილანდი გაათავისუფლებს 18 კამბოჯელ სამხედრო ტყვეს.
თავის მხრივ, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელმოწერის შემდეგ ორივე მხარე დაიწყებს ყველა შეთანხმებული პუნქტის განხორციელებას, მათ შორის „მძიმე შეიარაღების დაუყოვნებლივ გაყვანას სასაზღვრო ზონებიდან“.
შეგახსენებთ, 2025 წლის 24 ივლისის დილით, ტაილანდ-კამბოჯის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკება დაიწყო.
28 ივლისს, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა გამოაცხადა, რომ ტაილანდი და კამბოჯა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს ნაბიჯი მოჰყვა ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს კუალა-ლუმპურში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის და ჩინეთის წარმომადგენლები.