"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა~ ქვეყნისა და მისი ეკონომიკისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურების საგანგაშო პროცესს უაღრესად სახიფათოდ მიიჩნევს.
აფბა-ში განმარტავენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა და ამასთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენელთა პოზიციის არ ქონა, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ "შეიძლება მოხდეს ლარის "კუპონიზაცია~ და განხორციელდეს ბ-ნ ბენდუქიძის ოცნება - მისი მიმოქცევიდან ამოღების შესახებ".
"ეროვნული ვალუტის დასუსტება, მის მიმართ ნდობის დაკარგვა და, ფაქტობრივად, მიმოქცევიდან ამოღება შეიძლება შეფასდეს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის მოშლა. ეროვნული ვალუტის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება, არის იმავე მნიშვნელობის მოვლენა, როგორიც გახლდათ რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და შიდა ქართლის ოკუპირება და საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაუფასურების ეკონომიკურ შედეგებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი, უპირველეს ყოვლისა, არის ინფლაციური პროცესების მასტიმულირებელი, რადგან ლარის გაუფასურებით ძვირდება იმპორტირებული პროდუქცია, ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში კი იმპორტს 75% უკავია. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის დასუსტება პირდაპირ იწვევს ბაზარზე ფასების ზრდას",_ განმარტავენ ახალგაზრდა ფინანსისტები.
მათივე განმარტებით, ლარის გაუფასურებით გამოწვეული პანიკა ადგილობრივ ბაზარზე ახშობს მოვლენების პროგნოზირების საშუალებას, შესაბამისად, ფასები დგინდება მაქსიმალური რისკების გათვალისწინებით. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების ღირებულება იმაზე მეტი პროცენტით გაიზრდება, ვიდრე ეროვნული ვალუტა გაუფასურდება. მეწარმეები იძულებულნი არიან გაცილებით მაღალი მოგების მარჟაზე იმუშაონ, რათა არაპროგნოზირებადი კურსის გამო არ დაზარალდნენ.
"შექმნილ სიტუაციაში გაკვირვებას იწვევს ეროვნული ბანკის პოზიცია. საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ არის პასუხისმგებელი ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე. ინსტიტუციურად მხოლოდ ამ სტრუქტურას შეუძლია ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენის მოხდენა. მისი დუმილი და პრობლემის არაღიარება კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და თესავს პანიკას. სებ-ის ეს პოზიცია, კიდევ უფრო გასაკვირი ხდება იმ ფონზე, როდესაც ამ სტრუქტურის ბოლო პერიოდის გამოხატული პრიორიტეტი საქართველოში დედოლარიზაციის პროცესის გაძლიერებაა. დღეს არსებულ სიტუაციაში, როდესაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ იკარგება ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა, ეროვნული ბანკის მიერ დედოლარიზაციის პროცესის ხელშესაწყობად დახარჯული თანხა წყალში გადაყრილია.
შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ყოველი წუთი გადამწყვეტია, საქართველოს ეროვნული ბანკის დუმილი აძლიერებს ეჭვებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელოვნურად ხდება და ეს არის ხელისუფლების პირდაპირი ინტერესი", _ აცხადებენ აფბა-ში.
მათივე ინფორმაციით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება, რათა ბიუჯეტში ბიზნესისგან გაცილებით მეტი გადასახადი შევიდეს და ამით მოხდეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში არსებული ხარვეზების დაფარვა.
"ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტიორ კომპანიებს მოგებას უზრდის, შესაბამისად, ისინი გაცილებით მეტ თანხებს იხდიან ბიუჯეტში. ამასთან, ლარის გაუფასურება აძვირებს იმპორტს, შესაბამისად, იმპორტიორებს პროდუქტი უძვირდებათ, რაც თანხობრივად ბრუნვას უზრდის ამ კომპანიებს, შესაბამისად, ისინიც ბიუჯეტში მეტ თანხებს შეიტანენ. სხვა საკითხია აღნიშნული ფინანსური რესურსი, რამდენად მსყიდველობით უნარიანი იქნება. შესაძლებელია, ლარის გაუფასურების შედეგად ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხები შევიდეს, მაგრამ ეს პროცესი ქვეყანაში არსებულ მთელ ფინანსური რესურსის გაუფასურებას გამოიწვევს"
ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რამდენიმე კუთხით შეიძლება დავუკავშიროთ 30 მაისს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
არჩევნებმა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გადაიარა მსხვილი ბიზნესის მხრებზე. სახელისუფლებო ძალების მიერ არჩევნების მოსაგებად დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილი სწორედ მსხვილმა ბიზნესებმა გაიღეს. შესაბამისად, დღეს მას ხელისუფლება საშუალებას აძლევს, ამოიღოს ეს ფული. ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმპორტიორებს პროდუქციას უძვირებს, მაგრამ ამ პროცესისგან გამოწვეული ინფლაცია მათ სერიოზულ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
"აფბა~ მოუწოდებს ეროვნული ბანკს არ მოახდინოს ლარის სწრაფი გაუფასურება, რომ არ მოხდეს მყისიერი ნეგატიური ასახვა მოსახლეობაზე და სავალუტო ბაზარზე არ გამოიწვიოს არასტაბილურობა. თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარდაუვალია, მაშინ ეს პროცესი ნელა და დროში გაიწელოს, რაც შეამცირებს მოსახლეობაზე უარყოფით ზეგავლენას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი მარტო ვერ შეძლებს ამ პროცესის გამკლავებას, საჭიროა მთავრობის ეკონომიკური გუნდის კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობა.
`აფბა~ მოითხოვს გააკეთონ განმარტებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ფინანსთა მინისტრმა და პრემიერმა. აუხსნან საზოგადოებას, რის გამო შეიქმნა სავალუტო ბაზარზე პანიკური სიტუაცია და მისცენ მოსახლეობას გარანტიები, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მინიმალურ სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებს.