გუშინელი სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული თანხა მთლიანად პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება.
აღნიშნული განცხადება დღეს პრესკონფერეცნიაზე საქრთველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
მისი თქმით პრეზიდენტმა შესაბამის ორგანოებს დავალება მისცა, რომ ამოღებული 2 მილიონამდე ევრო სწორედ პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდეს.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს ამოღებული თანხები სასარგებლო საქმეში უნდა ჩაიიდოს" - აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. "კოკაინის საქმეზე" 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში მევლუდ სვანიძე, რომან მუსელიანი, ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთივეს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი რომელიც, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა და ესპანეთში ცხოვრობს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან მათ რეგულარულად უგზავნიდა ჯართს სადაც კოკაინის დიდი პარტიები იყო დამალული საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი გადანაწილების მიზნით.
საქართველოში ჯართის ბოლო პარტია 2009 წლის ივლისში შემოვიდა და მასში 90 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციიდან მიღებული მილიონ შვიდასი ათასი ევროც.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ჯგუფს კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი აკონტროლებდა.