ქრისტიან-დემოკრატები ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის შეტანისას ბაჟის მოხსნას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა, რომელიც ამავე დროს იუსტიციის საბჭოს წევრიც არის.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, იმის გამო რომ ადმინისტრაიცულ სასამართლოში სარჩელის შეტანისათვის აუცილებელია ბაჟის გადახდა, რომელიც 100 ლარიდან იწყება და ხშირად რამდენიმე ასეულ ლარსაც შეადგენს, მოქალაქეების საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ვერ ახერხებენ.
"დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე დარწმუნებულიც რომ იყოს თავის სამართლებრივი პოზიციის მართებულობაში მაინც ვერ აღძრავს სარჩელს სახელმწიფო ადმინისტრაიცული ორგანოების წინააღმდეგ და ვერ დაიცავს თავის დარღვეულ უფლებებს თუ იგი ვერ იხდის სახელმწიფო ბაჟს, რომელიც ხანდახან რამდენიმე ასეულ ლარს აჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ აგაქვს ფული შენ ვერ დაიცავ შენს ინტერესებს და უსამართლოდ დაიჩაგრები სახელმწიფო აპარატის მხრიდან შენი უსახსრობის გამო. აი ასეთია ქართული მართლმსაჯულება დღეს, ასეთია ხელმისაწვვდომი სასამათლო საქართველოში", - აცხადებს ნიკა ლალიაშვილი და მიიჩნევს, რომ ეს პრინციპი დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს.
მისი განმარტებით ქრისტიან-დემოკრატებს უკვე მომზადებეული აქვთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ადმინისტრაიცული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს და ითხოვენ, რომ აღნიშნული მუხლი შეიცვალოს და მოიხსნას ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის შეტანისათვის ბაჟოს გადახდის აუცილებლობა.
"საქართველოს პარალმენტის წევრებს მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და ხელმისაწვდომი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ამ ქვეყანაში", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მუხლი წინა მოწვევის პარლამენტის მიერ შეცვალა და ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის შეტანისათვის ბაჟის დააწეს. კანონი ძალაში 2007 წლის 28 დეკემბერს შევიდა. მანამდე აღნიშნულ სარჩელის შეტანისათვის ბაჟის გადახდა არ იყო საჭირო.