დღეს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას დაესწრება.
აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოებს. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემებისა და კიუვეტების (სადრენაჟო არხები) აღდგენას. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 990 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,გზამშენი 2005".
გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. იგი უდიდეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცხოვრებაში. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სწორედ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ერთადერთი ორგუმბათოვანი ეკლესიაა მართლმადიდებლურ სამყაროში. იგი მსოფლიო არქიტექტურის შედევრს წარმოადგენს.