უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშჩენკო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კიევი არ აპირებს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს განცხადება მინისტრმა გაზეთ "2000"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"თავად რუსეთისთვის ეს ძალიან რთული საკითხია. მოსკოვიც არასოდეს აკეთებდა იმის დეკლარირებას, რომ მისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთა ფართო სპექტრის მიერ აღიარებას. ჩვენთვის კი ცხადია, რომ თუ ჩვენ არ ვაღიარებთ კოსოვოს დამოუკიდებლობას, ესე იგი ვერ ვაღიარებთ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", _ განაცხადა გრიშჩენკომ.
გრიშჩენკო აცხადებს, რომ "ეს წარმონაქმნები მაინც დამოუკიდებლები არიან, იმის მიუხედავად, ვაღიარებთ ჩვენ მათ თუ არა და აგრძელებენ ცხოვრებას. დრო გვიჩვენებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდებიან ისინი. სწორედ აქედან გამომდინარე მოხდება მათი ურთიერთობების განვითარება საერთაშორისო საზოგადოებასთან. ვფიქრობ, აქტივისტად გახდომა ამ საკითხში არ ღირს", _ აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.